რა არის სტუდიოს ტიპის ბინა?
სტუდიოს ტიპის ბინა არის საცხოვრებელი, სადაც ძირითადი ზონები, მისაღები და სამზარეულო ზოგჯერ საძინებელიც, ერთ, ღია სივრცეშია მოქცეული, შიდა ტიხრების გარეშე. ერთადერთი სრულად იზოლირებული ოთახი, როგორც წესი, აბაზანაა.
ღია გეგმარება სივრცის შეგრძნებას ქმნის და მას უფრო ფართო ვიზუალს აძლევს, რაც ამ ტიპის ბინების მთავარი მახასიათებელია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში, ბაზრისა და ადამიანების მოთხოვნების ცვლილებასთან ერთად, თავად ეს კონცეფციაც მუდმივად ვითარდება და იხვეწება.
ამ იდეის პირველი ჩანასახები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, მოდერნისტი არქიტექტორების, მაგალითად, ფრენკ ლოიდ რაიტის, ნამუშევრებში. ისინი ერთგვარად დაუპირისპირდნენ წინა ეპოქებისთვის დამახასიათებელ სახლების მკაცრ დაყოფას, სადაც სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახები ყოველთვის იზოლირებული იყო.

მიუხედავად ამისა, ღია გეგმარება მასობრივად პოპულარული მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. ამ პერიოდში ცხოვრების სტილი საგრძნობლად შეიცვალა — ტრადიციული, ფორმალური ვახშმები ბევრად არაფორმალურმა, ოჯახურმა შეკრებებმა ჩაანაცვლა. ამას დაემატა ტექნიკური მხარეც: ცენტრალური გათბობის სისტემების დანერგვამ შესაძლებელი გახადა, რომ დიდი, ერთიანი სივრცეებიც სათანადოდ გამთბარიყო. სწორედ ამ ცვლილებებმა აქცია სამზარეულო, რომელიც მანამდე იზოლირებულ სამუშაო ზონად ითვლებოდა, სახლის ცენტრად.
ვისთვის არის განკუთვნილი სტუდიოს ტიპის ბინები?
გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, სტუდიო მხოლოდ სტუდენტური საცხოვრებელია. სინამდვილეში, მისი აუდიტორია ბევრად მრავალფეროვანია. მაგალითად, ის მოსახერხებელია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამენ და საკუთარი სახსრებით უძრავი ქონების შეძენას გეგმავენ.
განსხვავებით დიდი ოჯახებისგან, რომლებისთვისაც ასეთი მცირე ფართი ცხადია საკმარისი ვერ იქნება, სტუდიო იდეალური ვარიანტია ახალგაზრდა წყვილებისთვის. ასევე, მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს, სამსახურებრივი თუ პირადი მიზეზებით დიდ დროს ატარებს სახლის გარეთ და კომპაქტურ, ფუნქციურ ბინას ეძებს.
ღია გეგმარების უპირატესობები და გამოწვევები
სტუდიოს ტიპის ბინის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მისი დადებითი მხარეები და პოტენციური სირთულეები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ერთი მახასიათებლიდან, ღია გეგმარებიდან გამომდინარეობს.
შიდა კედლების არარსებობა სივრცის ათვისებასა და დაგეგმარებას ამარტივებს. ასეთი ბინის დასუფთავება და მოწესრიგება, ბუნებრივია, ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კარგი გარემო იქმნება სტუმართმოყვარე ადამიანებისთვის, რადგან კერძის მომზადებისას მასპინძელი იზოლირებული არ არის და მეგობრებთან სოციალიზაციას ახერხებს.
როგორც აღინიშნა, ღია გეგმარება გამოწვევებსაც ქმნის. მაგალითად, სტუდიოს ტიპის სამზარეულო ზონიდან კერძის სუნი ადვილად ვრცელდება მთელ სივრცეში. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება სახლში მძლავრი გამწოვის ან შუშის გამყოფი ტიხრის მონტაჟით არის შესაძლებელი.
სტუდიოს ტიპის ბინა არაკომფორტულია იმ თვალსაზრისით, რომ მასში პირადი სივრცის მოწყობა ან განმარტოება რთულია. პრობლემაა ისიც, რომ პატარა, ღია სივრცეში რამდენიმე ზედმეტი ნივთიც კი უწესრიგობის შეგრძნებას აჩენს.

როგორ დაგეგმოთ სივრცე — პრიორიტეტების განსაზღვრა სტუდიო ბინაში
ისეთი გამოწვევები, როგორიცაა არასასიამოვნო სუნი, პირადი სივრცის ნაკლებობა და ნივთების ორგანიზება, სივრცის სწორად დაგეგმარების აუცილებლობას აჩენს.
პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები. მაგალითად, თუ გიყვართ კულინარია და ხშირად ამზადებთ, თქვენი პრიორიტეტი კარგად აღჭურვილი და ფუნქციური სამზარეულოს ზონა იქნება. დისტანციური მუშაობის შემთხვევაში, კომფორტული და ერგონომიული სამუშაო კუთხის მოწყობა გახდება მთავარი. თუ ხშირად იღებთ სტუმრებს, ფართო და მყუდრო მისაღები ზონა დაგჭირდებათ.
ამის შემდეგ, სივრცის ზონირებაზე უნდა იზრუნოთ და სახლი ფუნქციურ ნაწილებად დაყოთ. ამისთვის ინტერიერის დიზაინერები ყველაზე ხშირად შუშის ტიხარს იყენებენ, რადგან ის სივრცეს ყოფს, მაგრამ ბუნებრივ სინათლეს არ ბლოკავს. იყენებენ დეკორატიულ, მაგალითად ხის ტიხრებსაც, რომლებიც ოთახს ნახევრად ყოფს. ამ მიმართულებით ფარდები ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდია, განსაკუთრებით საძილე ზონის იზოლირებისთვის.
ავეჯის განლაგება სივრცის დაყოფის ბუნებრივი ხერხია. ღია თაროებიანი კარადა კლასიკური გამყოფია. ის ქმნის ვიზუალურ ბარიერს, სათავსოდაც გამოდგება და ნაწილობრივ სინათლესაც ატარებს. დივნის ზურგით განთავსება კი ავტომატურად ქმნის საზღვარს მისაღებ ზონასა და სასადილო ან სამუშაო კუთხეს შორის. ბარის დახლი ან კუნძული კი იდეალურად მიჯნავს სამზარეულოსა და მისაღებ ზონებს.
სტუდიოს ტიპის აპარტამენტების ინტერიერის დიზაინი: ფერი, სინათლე და ავეჯი
სტუდიოს ტიპის ბინაში სივრცის სწორ აღქმაზე ბევრი რამ მოქმედებს, თუმცა ფერსა და სინათლეს ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ღია, ნეიტრალური ფერები, მაგალითად, თეთრი, კრემისფერი ან პასტელური ტონები, კედლებსა და დიდ ავეჯზე გამოყენებისას, ვიზუალურად ზრდის ფართს. იმისათვის, რომ ინტერიერის დიზაინი ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გამოვიდეს, შესაძლებელია აქცენტების დამატება, თუმცა ამ დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ინტერიერში ფერადი შტრიხების გამოყენება, მას ხასიათს სძენს, თუმცა გადაჭარბებამ შეიძლება დაამძიმოს.
ფერებთან ერთად, აუცილებელია განათების სწორი დაგეგმვა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად გამოყენება, რაშიც დიდი ფანჯრები და თხელი ფარდები დაგეხმარებათ. ხელოვნური განათება კი კარგია, თუ ის რამდენიმე შრისგან შედგება. საჭიროა როგორც საერთო, ჭერის განათება, ასევე ფოკუსირებული (სამზარეულოს ზედაპირთან ან სამუშაო მაგიდასთან) და დამატებითი აქცენტური განათებები (ბრები ან ტორშერები).
სივრცის სწორად აღქმის შემდეგ, ყურადღება ავეჯს ეთმობა. სტუდიოს ტიპის ბინაში, ფართის სიმცირიდან გამომდინარე, თითოეულ ნივთს მაქსიმალურად ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ დასაკეც სასადილო მაგიდას და საწოლს, რომელსაც სათავსოები აქვს.

პატარა სივრცეში წესრიგის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, როდესაც იატაკის ფართობი, ანუ ჰორიზონტალური სივრცე, შეზღუდულია, საჭირო ხდება ვერტიკალური სივრცის სრულად ათვისება. ჭერამდე ასული ჩაშენებული კარადები და კედლის თაროები ბევრი ნივთის კომპაქტურად შენახვის საშუალებას იძლევა. ამასთან, კარგია ყველა ფარული შესაძლებლობის, საწოლის ქვეშ დარჩენილი სივრცისა და პუფების შიდა სათავსოების, გამოყენება.
სტუდიოს ტიპის ბინა სწორად რომ მოაწყოთ, ამისთვის კრეატიული პროცესი უნდა გაიაროთ, რაც სივრცის დეტალურ გააზრებასა და საკუთარი საჭიროებების ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს. მთავარია ამ დროს არ იფიქროთ, რომ ამ ტიპის სახლში ცხოვრება შეზღუდვასთან ასოცირდება, არამედ კომფორტი დამოკიდებულია თქვენს იდეებსა და კრეატიულობაზე.
ხშირად დასმული კითხვები დეველოპერული კომპანია მატერიას შესახებ
1. რა არის მატერიას მთავარი კონცეფცია?
უძრავი ქონების დეველოპერი კომპანია მატერია ქმნის უმაღლესი ხარისხისა და გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს. ეს კი გულისხმობს საფუძველს, რომელსაც მფლობელი საკუთარ, ინდივიდუალურ და კომფორტულ სახლად აქცევს.
2. როგორ ჩამოყალიბდა მატერია?
კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად გამოჩნდა. მატერია, ფაქტობრივად, ამ კომპანიის გაგრძელებაა, რომელსაც განახლებული ხედვა აქვს და სამიზნე აუდიტორიადაც სხვა სეგმენტს განიხილავს.
3. ვინ არის პასუხისმგებელი სამშენებლო პროცესზე?
მატერიას პროექტების მშენებლობას უძღვება 15 წლიანი გამოცდილების მქონე Outlook Construction. მათი რეპუტაცია და მრავალწლიანი გამოცდილება სანდოობის მნიშვნელოვანი ფაქტორია უძრავი ქონების შეძენისას.
4. რა ტიპის პროექტებს სთავაზობს Materia მომხმარებელს?
კომპანია ბაზარზე სამი ძირითადი მიმართულებით ოპერირებს:
მატერია ლივინგი: ეს არის პრემიუმ კლასის მშენებარე ბინა თბილისში ოპტიმალური გეგმარებით;
მატერია ისთეითი: მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური სახლებისთვის, უკვე გამართული ინფრასტრუქტურით;
მატერია ჰილსი: ექსკლუზიური ვილები.
5. სად მივიღო დამატებითი ინფორმაცია?
პროექტების, პირობებისა და სხვა დეტალების დასაზუსტებლად, შეგიძლიათ მიმართოთ მატერიას გაყიდვების ოფისს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10







